სამართლიანი არჩევნების (ISFED) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა დარღვევები გამოავლინა, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ზეწოლა.
სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შემდეგი ძირითადი ტენდენციები გამოვლინდა:
- არაოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიაში, ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით მმართველი პარტიის დომინირება შეინიშნებოდა. ოპოზიციურ პარტიებს შორის აქტიური იყო ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია საქართველოსთვის კამპანია, რომელიც ძირითადად რეგიონებში ოფისების გახსნითა და ამომრჩეველთან შეხვედრით შემოიფარგლებოდა. ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატები საჯაროდ უკვე წარადგინა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატები და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა.
- ოფიციალური კამპანიის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ორი პროფესიული წევრი აირჩია, თუმცა დაბალი ლეგიტიმაციით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ 6 თვის ვადით შეასრულებენ უფლებამოსილებას. საარჩევნო რეფორმის მთავარ მიზანს, ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილების ნაწილში, ცესკოს მიმართ ნდობის ამაღლება წარმოადგენდა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა. ვერც პრეზიდენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის მუშაობის (თავმჯდომარეობის კანდიდატის შემთხვევაში) და ვერც პარლამენტში მიმდინარე განხილვის ეტაპზე, ვერ მოხერხდა იმგვარი კანდიდატების არჩევა, რომლებსაც მაღალი ნდობა ექნებოდათ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემა, რომელიც მის მიმართ ნდობის ნაკლებობაში გამოიხატება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კვლავ გადაუჭრელია.
- წინა არჩევნების მსგავსად, კვლავაც აქტუალურია ამომრჩევლების გულის მოსაგებად ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაანონსება ან/და მათი განხორციელების დამთხვევა უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდისათვის, რაც ამომრჩევლის ნებით შესაძლო მანიპულირების საფრთხეს შეიცავს. ამგვარ მასშტაბურ აქციას წარმოადგენდა კორონავირუსის პრევენციისათვის შემოღებული შეზღუდვების - იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო ფიზიკური და იურიდიული პირების დაკისრებული ჯარიმებისგან (76 მილიონი ლარის ოდენობის) გათავისუფლების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება.
- საანგარიშო პერიოდში სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/ზეწოლის ტენდენცია ძირითადად რეგიონებში გამოვლინდა. ზეწოლის და პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის შემთხვევები უმეტესად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ შეინიშნებოდა და საჯარო შეხვედრებზე დაბრკოლებების და საოფისე ფართებთან დაკავშირებით პრობლემის შექმნაში გამოიხატა.
- განსაკუთრებით საგანგაშო სახე მიიღო კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ნეგატიურმა დამოკიდებულებამ, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა არსებული პოლარიზებული გარემო. მედიასაშუალებებისათვის მუშაობაში ხელშეშლა ნეგატიურად აისახება ამომრჩევლების უფლებაზე მიიღონ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია პოლიტიკური/საარჩევნო პროცესების შესახებ, შესაბამისად გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
ორგანიზაციის დაკვირვებით გამოვლინდა:
სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებზე ზეწოლის 2 შემთხვევა; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების - 7; სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 2; სავარაუდოდ საარჩევნო მიზნით განხორციელებული დახმარების აქციების - 2; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 4; მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანიის - 4; ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციისა და ძალადობის 5 შემთხვევა.
"გამოვლინდა სავარაუდოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები, დაანონსებული მასშტაბური აქციები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში ცვლილებების შეტანის მასშტაბური ტენდენცია", - აღნიშნავს ორგანიზაცია.
არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში მოიცავს 2021 წლის 1 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.
სრული ანგარიში ნახეთ აქ.